ნიკა ანთიძე: იუნესკო არ არის ორგანიზაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების საკითხს წყვეტს
“ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა, “კვირასთან“ კომენტარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირეტორი ნიკა ანთიძე აკეთებს.
ანთიძისთვის უცნობია, შეესაბამება თუ არა “ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა მისი თქმით, “იუნესკო“ არ არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ამ კუთხით აღიარება-არაღიარების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
ანთიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სომხურმა მხარემ იუნესკოს აღნიშნული შინაარსისი მოთხოვნით მართლაც მიმართა, ისინი ორგანიზაციისგან მიიღებენ ნათელ განმარტებას, რომ აღიარება-არაღიარების საკითხი მათ უფლებას არ წარმოადგენს.
“იუნესკო არ არის ორგანიზაცია, რომელიც ძეგლის კუთვნილების საკითხს წყვეტს. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტს არ აქვს მსგავსი საკითხების დაყენების პრეროგატივა. კუთვნილების საკითხები ასე მარტივად არ წყდება. სომხურმა მხარემ ასეთი შინაარსის მოთხოვნა თუ რეალურად გააგზავნა, ისინი იუნესკოსგან მიიღებენ განმარტებას, რომ მსგავის საკითხების გადაწყვეტა მათ არ შეუძლიათ“, – განუცხადა “კვირას“ ნიკა ანთიძემ.
ანთიძე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ძეგლის წარმომავლობის დადგენას დაწვრილებითი და სიღრმისეული კვლევა სჭირდება.
“ინტერფსაქსის“ ინფორმაციით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა “სანდო წყაროზე” დაყრდნობით ავრცელებს.