„ეს არის ოკუპაციის კიდევ ერთი გამოვლინება“
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან ხელოვნური ბარიერების აგებას ოკუპაციის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს. დეპუტატის თქმით, ეს საკითხი აუცილებლად განიხილება აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს თემა საქართველოსა და ამერიკას შორის მიმდინარე მაღალი რანგის შეხვედრებისას დადგა. ამ საკითხებზე მუშაობა ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან უნდა განვაგრძოთ. ეს იქნება გახილვის საგანი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე და ასევე ჟენევის მოალპარაკების ფორმატში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზმა 500 მეტრით გადმოიწია.