გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა
ორგანიზაცია „ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
სასამართლო პრპცესზე, ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. ამასთანავე, დაცვის მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, რომ გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის აზრით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდნენ გიორგი კლდიაშვილის მიერ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი დააკავა. გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ სახლში მოჰქონდა. კლდიაშვილის განცხადებით, იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3- საათიანი დაკითხვის შემდეგ, მისი თქმით, გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. მოდულის შენობაში.