ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს მთავრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს მთავრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი ფეისბუქის პოსტი, რომელიც მან ერთი საათის წინ გააკეთა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას უკავშირდება.
”ვერშბოუს განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მივესალმებით ამ განცხადებას. მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო – საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე, რატომ პასიურობს ხელისუფლება? გამოფხიზლდით, იაქტიურეთ”! – წერს პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ განცხადება ტვიტერის სოციალურ ქსელში დღეს დილით, ნატო – საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. ვერშბოუს განცხადებას მაშინვე მოჰყვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებას, სადაც ის მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის სიტყვებს და აღნიშნა, რომ საქართველოს, მართლაც, აქვს იმის პოტენციალი, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს.
„ეროვნული პროგრამა ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტთაგანია, რომელიც ზუსტად გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ვერშბოუმ ახსენა, რომ საქართველოს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისაკენ,“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
ვერშბოუს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმაც მაშინვე უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია.