კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ” ძალაში დღეიდან შევა
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ მესამე მოსმენით პარლამენტმა მიიღო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საზოგადოებას კანონპროექტის მიხედვით გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმები და სანქციები გააცნო.
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი 5 000 ლარით განისაზღვრება. კანონპროექტის მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ენერგიის აღდგენასა და მათ უსაფრთხო განთავსებას.
კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს. სიახლეა ის, რომ დგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება. პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას – “ნაგვის ჩაყრა მარტივია, იზრუნე გარემოზე” ახორციელებს.
კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. სამინისტრომ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე “ნარჩენების მართვის შესახებ”, მიმდინარეობდა აქტიური საჯარო განხილვები ბიზნეს და სამოქალაქო სექტორთან. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიის ფარგლებში ჩართულია საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციებით მხარდაჭერით, რამდენიმე პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინტერაქტიული რუკა შექმნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ლოკაციებია მონიშნული. “ნაგვის ჩაყრა მარტივია იზრუნე გარემოზე”, – კამპანიაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისათვის მინდინარეობს ასევე ონლაინ პიარკამპანია.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ფეისბუქის სპეციალური გვერდი. გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ საფრთხეს უქმნის. ყოველდღიურად ბინძურდება მდინარეები, ტყეები, ხევები, ქუჩები… ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი მოსახლეობის დაუდევრობა, ცნობიერებისა და გარემოსდაცვითი კულტურის დაბალი დონეა. სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან ამ მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა კეძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. მხარეები პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმდენენ, რომ 2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდება პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება.