“რეფორმატორების” თავმჯდომარემ ორგანიზაციიდან 2 წევრი გარიცხა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „რეფორმატორების“ წევრები – გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე გაერთიანების თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიის წევრობიდან გარიცხა – ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს რიგგარეშე საგანგებო სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც სხდომაზე, „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა განმარტა, გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე პარტიის წესდებას პირნათლად არ ასრულებდნენ და უხეშად დაარღვიეს წესდების არაერთი მუხლი. კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის განმარტებით, პარტიის წევრები, ამასთან ერთად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები – გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე პირნათლად არ ასრულებდნენ წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, უხეშად დაარღვიეს წესდების არაერთი მუხლი, კერძოდ, მონაწილეობა არ მიიღეს პარტიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაგეგმვასა და აღსრულებაში, თავიანთი განცხადებებით და მოქმედებებით შელახეს პარტიის ინტერესები, ამასთან ერთად, არ დაემორჩილნენ პარტიის ხელმძღვანელი პირების მითითებებს და შემჩნეულნი არიან პარტიის ღირსებისა და სახელის შემლახავ ქმედებებში. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, პარტიის წევრებმა – გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ უგულებელყვეს პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორები’’ არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის არ გაითვალისწინეს თავმჯდომარის და სხვა კოლეგების მითითება პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობასთან მიმართებით (შეგახსენებთ, რომ რეფორმატორებმა საჯაროდ განაცხადეს პოლიტიკური გადაწყვეტილება 15 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის არ მიღების შესახებ).
თავმჯდომარის შეფასებით, ზემოაღნიშნულმა პირებმა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირების მიმართ გამოიჩინეს უპასუხისმგებლობა და გულგრილობა, ამასთან ერთად, დაარღვიეს გუნდური საქმიანობის პრინციპი, როცა წინასწარი კონსულტაციებისა და შეტყობინების გარეშე საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით გაავრცელეს მიმართვა პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორების’’ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დატოვების შესახებ, თუმცა მათ არ დაუცვიათ იურიდიული პროცედურა და განცხადებით არ მიუმართავთ პარტიისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზემოაღნიშნულმა პიროვნებამ გაავრცელა საჯარო განცხადება პარტიის წევრთა რიგის, ასევე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დატოვების შესახებ, ბოლო პერიოდში მათ შეცვალეს გეგმები და გამოავლინეს ნება, რომ მოეწყოთ პარტიის წევრთა საერთო ყრილობა, თუმცა რა მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უნდა შემდგარიყო ყრილობა, ამასთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები არ გაუმართავთ და არც პოლიტიკური საბჭოსათვის მიუმართავთ ოფიციალურად.
პარტიის ლიდერის და ხელმძღვანელი პირების ვარაუდით, პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორები’’ აცხადებს, რომ გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ კარნახით ცდილობს, არეულობა გამოიწვიონ ,,რეფორმატორების’’ ორგანიზაციის შიგნით და საფრთხე შეუქმნან პოლიტიკური პარტიის კანონიერ და პოლიტიკურ ინტერესებს.
ამასთანავე, პოლიტიკური გაერთიანების ,,რეფორმატორების’’ განცხადებით, პარტია მათ მიერ დაფუძნებისთანავე დეკლარირებულ და გასაჯაროებულ პოლიტიკურ მოსაზრებას არ ცვლის, რჩებიან იმ საჯარო დაპირების და პრინციპების ერთგულნი, რომლის მიხედვითაც მათ საზოგადოებას წარუდგინეს ახალი პოლიტიკური გუნდი, რომლებიც არასდროს არ იქნებიან არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან სატელიტურ ურთიერთობაში და უარს აცხადებენ კონსპირაციულ ანტისაზოგადოებრივ გარიგებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები