„გარემოს დაბინძურება დაბალი კულტურის მაჩვენებელია – სანქციების გამკაცრებას მივესალმები“
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციების ამოქმედების საკითხს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა.
„საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მანქანით მიდიხარ და წინა მანქანიდან გესვრიან პლასტმასის ბოთლს, საჭმლის ნარჩენს ან სიგარეტის კოლოფს. ეს ძალიან დაბალი კულტურის მაჩვენებელია. ჩვენ ასე არ ვაკეთებთ ჩვენს ეზოში, სადარბაზოებში. ეს ქვეყანა ჩვენია, ასეთი ქმედება არა მარტო გარემოს ანაგვიანებს, არამედ დამცირება და შეურაცხყოფაა ყველა იმ ადამიანის, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო მისი სამშობლოა. სანქციების გაზრდას მივესალმები და, მოხარულები ვართ, რომ ეს ასე მოხდა. ჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ადგილობრივი თვითმმართველობა და გარემოს დაცვის სამინისტრო განახორციელებს. ტყეებში, მინდვრებში, წყაროებთან და ქალაქგარეთ არსებული დასვენების ადგილებში დამაბინძურებლებს გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახური დააჯარიმებს, თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ადგილებში – თვითმმართველობა, გზებზე და საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალში კი საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში მოქალაქეები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან. 2კილოგრამამდე ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა 80 ლარს შეადგენს, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 120 ლარი იქნება, ხოლო საცხოვრებელი კორპუსიდან დამაბინძურებელი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ სამართალდარღვევა წლის განმავლობაში 2-ჯერ განმეორდება, ჯარიმაც გაორმაგდება.