საქართველოს საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა

საქართველოს საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონში მოიხსნა. როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალებზე შეუფერხებლადაა შესაძლებელი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში. მათივე ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები ნარჩუნდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.
მლეთა–გუდაურისა და კობი–დარიალის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშე. ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის ქვეშეთი-სეთურების და კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ31-კმ70 მონაკვეთზე, ხოლო კმ71-კმ188 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კალა–უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები