საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლნოვახში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყება 13 იანვარს, უკრაინაში, ქ.ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სეპარატისტების მიერ ვოლნოვახში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 14 წლის ბავშვია, 17 კი დაიჭრა.