„ბორჯომში სასტუმრო “RIXOS”-ი, რომელიც ღარიბაშვილმა გახსნა, ჩემი ინიციატივით აშენდა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასტუმრო “RIXOS”- ი მისი ინიციატივით აშენდა. ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ სასტუმროს მშენებლობა დააბრკოლა.
“ივანიშვილის პრემიერმა გააკეთა განცხადება ბორჯომში “RIXOS”-ის გახსნაზე. ეს ის “RIXOS”-ია, რომელიც ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოვინახულე, ჩემი ინიციატივით აშენდა და უკვე პრაქტიკულად დამთავრებული იყო. ივანიშვილის მთავრობის დამსახურება კი მხოლოდ ისაა, რომ რაც 1 თვეში უნდა გახსნილიყო, იმას 28 თვე დასჭირდა, ამიტომ “RIXOS” ამათ კი არ ააშენეს, არამედ შეაჩერეს და ინვესტორს დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, სანამ გახსნიდა“, – წერს სააკაშვილი.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსებაზე რამდენიმე წლის წინ სასტიკი უარი განაცხადა.
„რაც შეეხება ტექნოლოგიურს, სანამ ამერიკელების მიერ დაფინანსების შანსი გაჩნდებოდა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა უკვე მქონდა და რამდენიმე წლის წინ სწორედ ივანიშვილს მივმართე ამ უნივერსიტეტის შექმნის დაფინანსების თხოვნით, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. შემდეგ გამოჩნდა ამერიკული მილენიუმის კორპორაციის ფული, ჩვენს ბიუჯეტსაც გაუჩნდა შესაძლებლობები და 205 მეტრი სიმაღლის შენობა თავისი კამპუსით ავაშენეთ და კონსორციუმი შევქმენით. უკვე გამზადებული პროექტი ივანიშვილმა მოხურა და ახლა იძახის, რომ მომავალში უკეთესს ააშენებს. მისი საქმეები სახეზეა და საზოგადოებამ იცის მისი დაპირებების ფასი”, – აცხადებს სააკაშვილი.