გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სირიაში ქართველების ბრძოლასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მარგველაშვილის თქმით, არაერთი ქართველი მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. პრეზიდენტი სააკაშვილს მოუწოდებს, მსგავსი განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავოს.
„არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს „აისაფის“ მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობას და ინტერესებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა შეაჩეროს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა,  საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე წასულია სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს (ISIS)” რიგებში საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები