ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო
ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
პრემიერის თქმით , 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს.
“საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი.
ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5% მიაღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და, წინა პერიოდთან შედარებით, შედეგები გაუმჯობესებული აქვს ათიდან ექვს კატეგორიაში, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს თავისუფლება და კერძო საკუთრების უფლების დაცულობა. იმავე გამოკითხვის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა რეგიონის 43 ქვეყანას შორის და ჩვენი შედეგები ბევრად აღემატება ინდექსის საშუალო მაჩვენებელს. ამ კუთხით ესტონეთი მე-11 ადგილზეა და ის მისაბაძია საქართველოსათვის”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, 2014 წელს ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგის – “Fitch” და “Moody’s”-ს მიხედვით: საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში” ჩვენი ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა. “აღსანიშნავია ისიც, რომ კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ქვეყანას. გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები აქვს ბიზნესსაქმიანობისათვის, იგი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც ესტონეთისა, მცირერიცხოვანია, რაც შეიძლება, ერთი შეხედვით, მომგებიან ბაზრად არ აღიქმებოდეს, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რეგიონალური ცენტრია. საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრი გახლავთ, არამედ ის ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის – დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი დამაკავშირებელიცაა. ეს კი უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.