სანდრო ბრეგაძე: უკრაინაში მალე ქართველების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, უკრაინაში მალე საპროტესტო აქციები დაიწყება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსნების თანამდებობაზე დანიშვნას გააპროტესტებენ. ამ ინფორმაციას სანდრო ბრეგაძე უკრაინელ პოლიტიკურ მომომხილველებზე დაყრდნობით გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ახმაურებს.
„რამდენიმე დღის წინათ პირადად ვესაუბრე მოქმედ უკრაინელ პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, პოლიტიკურ მიმომხილველებს, რომლებსაც უკრაინაში საკმაოდ დიდი წონა აქვთ და მათ ცალსახად მითხრეს, რომ ჩვენს ქვეყანაში თანაგუნდელების თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სერიოზული უკმაყოფილობაა და მალე მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყებაო.
უკრაინელებს არ სჭირდებათ ქართველების მიერ საქართველოდან გაგდებული კორუმპირებული ჩინოვნიკები!
უკრაინელებს ჯანდაცვის მინისტრად არ სჭირდებათ ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც ქართული ჯანდაცვის სისტემა დაანგრია.
შინაგან საქმეთა მინისტრად არ სჭირდებათ ზღულაძე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ მაფიოზური პოლიციის ერთ-ერთ შემქმნელი იყო.
რაც შეეხება პირადად სააკაშვილს, იგი უკრაინაშიც, ევროპაში და ამერიკაშიც კომიკურ ფიგურად არის გადაქცეული, რომლის ავტორიტეტიც ნულს გაუტოლდა და რომელსაც არავინ აღარაფერს ეკითხება!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.