პრემიერი აფხაზ და ოს ძმებს საერთო მიზნების მიღწევაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

  “საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროპის განვითარების წელი – 2015” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი საზრუნავი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემებია, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
“საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში – სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში. ამისათვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველა საქართველოს მოქალაქეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები