ლორთქიფანიძე საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტის დაუყოვნებლივ შემუშავებას სთხოვს

პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პირდაპირ კავშირშია საკონსტიტუციო ცვლილებებთან.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კი, მისი თქმით, დღემდე არ შეუმუშავებია არცერთი დოკუმენტი, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტის წარმოდგენასთან იქნება კავშირში და რომლითაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმდება.
„თუ პირველ მარტამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არ დადებს კანონის პროექტს, მათ მოუწევთ რეგლამენტის თავიდან შემუშავება. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არ მუშაობს. უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა განცხადება, რომ დავით უსუფაშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. თუკი ასეთი მხარდაჭერა გააჩნია „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რატომ არ გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დროულად მიიღოს კანონპროექტი. თუ არ შედგება ერთთვიანი საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომისია, თუ დოკუმენტი საზოგადოებრივ სამსჯავროზე არ გამოვა და ამის მერე არ მოხდება მისი სესიაზე განხილვა, მაშინ ეს ვადებში ვერ მოესწრება. მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას დეკლარირებს, „ქართული ოცნების“ ერთი მნიშვნელოვანი ფრთა, როგორც ჩანს, ფრთხილად ეკიდება აღნიშნული რეფორმის გატარებას, ვინაიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 73 მაჟორიტარულ ოლქში მათთვის სასურველი კანდიდატურების გაყვანას უზრუნველყოფდა“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები