ვახტანგ ხმალაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე დიმიტრი გელოვანს ვეძებთ
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე არ გვიმსჯელია“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა საამისოდ მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის. ეს აუცილებელი პირობაა, მაგრამ ის ბევრ სხვა პირობასაც უნდა აკმაყოფილებდეს. მოკლედ რომ გითხრათ, დიმიტრი გელოვანს ვეძებთ. მე არ მყავს კანდიდატი, რომელზეც ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ის უნდა იყოს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. ამ დროისთვის არათუ მე არ მიმიღია უმრავლესობის მხრიდან კანდიდატურის განხილვაში მონაწილეობა, არც კი მსმენია, რომ რამე მსგავსი მსჯელობა გაიმართა“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა ეწურება. კანონმდებლობის შესაბამისად, თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი არჩევს და მას დასამტკიცებლად პარლამენტს უგზავნის.