მინდია ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან, გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საუბარი თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობასაც შეეხო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურებისა და ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელების გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების საკითხს დაეთმო. მინისტრმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის ეროვნული სტრატეგია“ თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება და უწყებას მოქმედების გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს. მინისტრმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული პროექტების შესახებაც მიაწოდა. მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეიქმნება.
მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს.
სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას.