დავით ნარმანიამ დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სამშენებლო სამუშაობი დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიადა 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ახვლედიანმა და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ჩასატარებლად, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
თბილისის მთავრობის დავალებით, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარება სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს“ დაევალა.
უკვე დასრულებულია 800- მეტრიანი სანიაღვრე კოლექტორის, მაგისტრალური წყალსადენის, საკანალიზაციო სისტემის და სატრანსფორმატორო ქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზისა და მასთან ერთად გაზსადენის ქსელის, სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების გარე ელექტრომომარაგების და გარე-განათების, სარწყავი სისტემის და სხვა სამშენებლო სამუშაოები, ასევე წყალსადენისა და კანალიზაციის შიდა დაქსელვა. იანვარში კი დაიწყება გაზსადენი სისტემის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „კალასი“ აწარმოებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, სამშენებლო სამუშაოები დათქმულ დროში უნდა დასრულდეს, რისთვისაც გეგმა-გრაფიკები რამდენიმე უწყებას შორის კოორდინირებულად თანხმდება.
მისივე თქმით, მშენებლობის დასრულებისთანავე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება და კეთილმოეწყობა.
„რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ბოლო კონტრაქტი კომპანიასთან, რომელიც უკვე ახორციელებს საგზაო და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს. მიუხედავად ზამთრის სეზონისა, არცერთი დღე არ უნდა დაიკარგოს და ობიექტები გეგმის მიხედვით დასრულდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები სრული ტემპით მიმდინარეობს და ობიექტები რამდენიმე თვეში მწყობრში უნდა ჩადგეს.
„თბილისის მერიასთან ერთად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ობიექტი მაისისთვის მზად იყოს, რათა გაიაროს ინსპექტირება და ივლისში ღირსეულად ვუმასპინძლოთ ოლიმპიადას“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები