გეოლოგები და ჰიდროლოგები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები – გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
„7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმასა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალ მთაშიც. მოთოვს თბილისშიც. 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროება იქნება. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.
9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება, თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით – 6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალ მთაში -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით – 15;-10; მაღალ მთაში ღამით -23;-18 გრადუსი. თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 აინვარს ღამით კი -6“, – აცხადებენ სამინისტროში.
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები – გეოლოგები და ჰიდროლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და სტიქიის ზონაში რჩებიან.