შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის ყოფილი ტელეწამყვანის და ტელეკომპანია GMG-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მამუკა გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი, დეპუტატ გიორიგ ვაშაძისა და კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკოლოზ რურუას კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან შემოსავლების სამსახურის მიერ, წინასაახალწლოდ, თანხის ჩამოჭრის შესახებ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ შეტყობინებაში მოყვანილი ფაქტები ინტერპრეტირებულია და შეფასებებიც არ შეესაბამება მომხდარს. „თავისუფალი ზონის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მოქალაქე მამუკა გამყრელიძის შეტყობინება მისი, გია ვაშაძისა და ნიკოლოზ რურუას კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან შემოსავლების სამსახურის მიერ, წინასაახალწლოდ, თანხის ჩამოჭრის შესახებ.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განმარტოს, რომ შეტყობინებაში მოყვანილი ფაქტები ინტერპრეტირებულია და შეფასებებიც არ შეესაბამება მომხდარს. კერძოდ: ნიკოლოზ რურუას ანგარიშიდან 2014 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე შემოსავლების სამსახურს თანხა არ ჩამოუჭრია. რაც შეეხება მამუკა გამყრელიძეს და გრიგოლ ვაშაძეს, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე და 243-ე მუხლების შესაბამისად, განხორციელდა მათ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა. აღნიშნული საინკასო დავალების წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ორივეს ერიცხებოდა სალდირებული საგადასახადო დავალიანება ქონების გადასახადში, შესაბამისად, 2418,32 და 2459,06 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ: თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, ხოლო მიმდინარე საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა. ვინაიდან, არც მამუკა გამყრელიძეს და არც გრიგოლ ვაშაძეს საგადასახადო ორგანოსათვის არ უცნობებიათ მიმდინარე წელს საგადასახადო ვალდებულებების არწარმოშობის თაობაზე, საგადასახადო ორგანომ მიმდინარე წლის ქონების გადასახადის დარიცხვა განახორციელა წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 13-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ქმედება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არც ერთი ამ პირის მიმართ შეცდომა არ დაუშვია“- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები