მამა ილია კარტოზიას დედის წერილი – ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის…
ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრისას გმირულად დაღუპული სასულიერო პირის – მამა ილია კარტოზიას დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა გმირული საქციელით სხვას სიცოცხლე შეუნარჩუნა, რაც დედისთვის შემზარავი ამბავიცაა და საამაყოც. „ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გავიგე. იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა-მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო. შენ, სრულიად პატარა ბავშვმა, მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა. წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება… გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი – მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი! ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი – ათჯერ მეტად, შვილო! შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. შენით ამაყობს მშობლიური სკოლა, ქალაქი, ოჯახი, ქუჩა, სადაც გაიზარდე, მთელი საქართველო! ვაჟკაცურად იცხოვრე ამ წუთისოფელში, ხანმოკლე სიცოცხლეც ვაჟკაცურად დაასრულე. შენ ჩემი მონატრებული შვილი ხარ, დედი! ერთი დიდი სურვილი მაქვს, ერთი დიდი ოცნება – წუთით მაინც შენი გაღიმებული სახე ვიხილო, მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია… როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ. იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ ვერასდროს გნახავ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ უფალთან ხარ სასუფეველში. მე კი გპირდები, დედი, ისე მოვიქცევი, როგორც შენს ნათელ სულს გაახარებს, ჩემო რჩეულო შვილო. ომის დროს ცხინვალშიც უშიშრად წახვედი მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, ჩემო ძლიერო და დაუდეგარო ბიჭო, მოყვასისთვის თავს არ ზოგავდი და გაჭირვებულების ტალკვესი იყავი. რასაც დაისახავდი მიზნად, ყველაფერს საოცრად სწრაფად აღწევდი, მჯერა, ზეციდანაც სწრაფად შეგვეწევი, დაგვიფარავ ჩვენ, დაიფარავ მთელ საქართველოს. შენზე მლოცველი, ღრმად მწუხარე დედა“, – ნათქვამია სასულიერო პირის დედის წერილში. ილია კარტოზია ზუგდიდიელია, ის ზუგდიდში მაცხოვრისკარის ეკლესიის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის პატარაობიდან სწორედ ამ ტაძარში დადიოდა, შემდეგ კი აქვე დაიწყო მსახურება. 27 წლის არქიმანდიტი ბოლოს მცხეთაში დავით აღმაშენებლის სახლეობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. გარდაცვლილი ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში მიმდინარე კვირას გადმოასვენებენ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ყველა აუცილებელი იურიდიული პროცედურა. იტალიური მედიიის ცნობით, ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი კატასტროფის დროს მამა ილია კარტოზიამ საკუთარი ადგილი სამაშველო ნავზე ბავშვიან ქალს დაუთმო. სასულიერო პირი მაშველებმა დამხრჩვალი იპოვეს, გავრცელებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა. წყარო: pia.ge