„2012 წლის ნოემბერში ალასანიას ხალხმა გადაიყვანა სარფის საბაჟოდან დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე!”

 

   მე ვიცი, რომ 2012 წლის ნოემბერში ალასანიას ხალხმა გადაიყვანა სარფის საბაჟოდან დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე – აღნიშნულ განცხადებას “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აკეთებს.
ჯორბენაძე გამოცემასთან საქართველოს მთავარ პროკურატურაში მომუშავე იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე თანამდებობის პირებს მფარველობდნენ და დღესაც აგრძელებენ მათ მფარველობას.
“ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ერთი კვირის წინ, პროკურატურის რეფორმის საკუთარი პროექტი წარმოადგინა. კბილაშვილს მინდა ვუთხრა, როცა პროკურატურის რეფორმაზე საუბრობს, ასევე, როცა ხელისუფლება საუბრობს ინსტიტუციონალურ რეფორმაზე, გაითვალისწინონ, რომ პროკურატურა დამნაშავე პროკურორებითაა სავსე და, ინსტიტუციონალური რეფორმის ნაცვლად, საკადრო რეფორმა ჩაატარონ. მოკლედ, უნდა ვთქვა ყველაფერი, რა ხდება საქართველოს მართლმსაჯულებაში და დავასახელო ის ადამიანები, რომლებიც ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე თანამდებობის პირებს მფარველობდნენ და დღესაც აგრძელებენ მათ მფარველობას. პირადად მე, 2012 წლის დეკემბერში გავაკეთე სკანდალური განცხადება, ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მოვუყევი დათა ახალაიასა და სოდ-ის მაღალჩინოსნების, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი საქმიანობების შესახებ. ასევე, მოვუყევი, როგორ ხდებოდა “ქართულ ოცნებაში”, “დემოკრატიულ მოძრაობაში” და სხვა პოლიტიკურ პარტიებში აგენტების ჩანერგვა, მოსმენები, თვალთვალი. სად, როგორ, ვის მიერ იშიფრებოდა ეს ჩანაწერები. ამ საკითხზე, არჩილ კბილაშვილის დავალებით, 32-გვერდიანი ჩვენება მაქვს მიცემული. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო მაშინდელი მთავარი პროკურატურისთვის, რომ მაშინდელმა მისმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, სკანდალური საქმე, რომელიც აბსოლუტურად ნათელს გახდიდა, რას აპირებდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის არჩევნებამდე, როგორ აპირებდა “ქართული ოცნებისა” და სხვა პარტიების ჩაძირვას, როგორ აპირებდა პროვოკაციების მოწყობას, ხალხის წამებას, დაპატიმრებასა და სისხლისღვრას, სად ინახებოდა ფარული ჩანაწერები, ვინ ინახავდა, ვის ხელში გადიოდა და ეს ჩააბარა გოჩა ფარულავას! ამ ადამიანს დაევალა გრიფით “საიდუმლო” გამოძიების წარმოება. ეს გოჩა ფარულავა იყო “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებული კადრი. მუშაობდა აჭარის პროკურატურაში, რომელსაც აჭარის პროკურატურის, მაშინდელი მთავარი პროკურორის, ავთო კილაძის ხელდასმით უამრავი საშინელება ჰქონდა ჩადენილი აჭარის პროკურატურაში. ამ პროკურორს, გოჩა ფარულავას დაევალა საქმის გამოძიება, რომელმაც თავისთავად მიჩქმალა ეს ყველაფერი“, -აცხადებს ჯორბენაძე.
მისი თქმით, ამის პარალელურად, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ თანამდებობებზე დატოვა და მეტიც, დააწინაურა, მაშინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანი და შემდეგ მისი მრჩეველი, ზაზა მჭედლიძე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით უშუალოდ მონაწილეობდა იმ ყველაფერში.
„ასევე, თანამდებობებზე დატოვა და დააწინაურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები – გოგა მაისურაძე, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, დააწინაურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მოსმენებითა და თვალთვალით იყვნენ დაკავებულები, მათ შორის იყო მოსმენებისა და თვალთვალის სამსახურის – “ოტოს” ერთ-ერთი თანამშრომელი, ბატონი ოთარი, მეტსახელით იცნობდა ყველა და ამიტომ ვერ ვიხსენებ გვარს. იმ ყველაფერში მონაწილეობდა და ახალ ხელისუფლებას ბრალიც კი არ წაუყენებია ვაჟა ლელუაშვილისთვის, რომელიც მაშინ მე გამაცნეს, როგორც დავით მეტრეველი. მაშინ ის იყო კუდ-ის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად დათა ახალაიას მოადგილე. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში ამ ყველაფერს “აპრავებდა” ლაშა ნაცვლიშვილი, ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რადგან მის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გადაწყდებოდა. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მაქვს ინფორმაცია, რომ ზაზა მჭედლიძის ხელშეწყობით, ალასანიას ხალხმა, სარფის საბაჟოს გავლით გადაიყვანეს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ბატონები: დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე. ეს მოხდა 2012 წლის ნოემბერში. სარფის საბაჟოზე ამ ყველაფრის თვითმხილველი პირი, რომელმაც ხელი შეუწყო ალასანიას სპეცმანქანებით ამ ხალხის სარფის საბაჟოზე გაყვანას, ეს პირი, ჯერ, მოულოდნელად, გაათავისუფლეს სამსახურიდან და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ესეც არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ. ასევე, შემიძლია გითხრათ, ვინ და როგორ მფარველობს “ნაციონალური მოძრაობის” საქმეებს და რატომ დგება გამამართლებელი განაჩენები დამნაშავე “ნაციონალებისთვის”, ასევე, ვინ ვის უკან დგას. დღეს მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები არიან კეზერაშვილის, ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კადრები. გადახედეთ, სად მუშაობდნენ დღევანდელი მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები მაშინ, როცა დავით კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის შეფი იყო, ვისი მეშვეობით ატყავებდა კეზერაშვილი ბიზნესმენებს და აღმოაჩენთ, რომ დღევანდელი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. აი, ამიტომაც ვერ დაუმტკიცეს დავით კეზერაშვილს საფრანგეთის სასამართლოში თავის დროზე ბრალეულობა. ამათ შეგნებულად არ მოამზადეს დოკუმენტაცია ისე, როგორც ეს იყო საჭირო, დაამახინჯეს. შედეგად, კეზერაშვილი თავისუფლად დანავარდობს ევროპაში და აფინანსებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ასევე, ვერ დაუმტკიცეს დანაშაული დათა ახალაიას. ეს იმიტომ, რომ ის პროკურორები, რომლებიც მის საქმეში მონაწილეობდნენ, ადეიშვილის მიერ დაწინაურებული პროკურორები იყვნენ. ასე ჩაფლავდა ეს საქმეც და სხვა საქმეებიც. ასევე დავასახელებ იმ პროკურორებს, რომლებიც უშუალოდ ადეიშვილის პროტეჟეები არიან ახლაც და ხალხის გაუბედურებას ხელმძღვანელობენ. კეზერაშვილს დროს, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო ადეიშვილის კურსელი მამუკა გილიგაშვილი. მამუკა გილიგაშვილი დღეს კახეთის პროკურატურის მაღალი რანგის პროკურორია. თავის დროზე, კახეთის პროკურატურაში ასეთ “გაპრავებებს” ხელმძღვანელობდა ვაჟა მაღრაძე, ადეიშვილის კადრი. ამჟამად, სიღნაღის პროკურატურაში, “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენას ეხმარება სოსო გულოშვილი, რომელიც ადეიშვილის კურსელი და მეგობარია. ქვემო ქართლის პროკურორებად დანიშნულები არიან კეზერაშვილის დროს ფინანსურ პოლიციაში მომუშავე მაღალი რანგის პირები, როლებიც ხალხს სიცოცხლეს უმწარებდნენ კეზერაშვილის დროს. უშუალოდ ქვემო ქართლის რაიონებში, კერძოდ ბოლნისში, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების “გაპრავებას” და მიჩქმალვას ემსახურება სერგო ყურაშვილი, ასევე, პროკურორის მოადგილე ბადრი პატარაია, რომელიც უშუალოდ მფარველობს დამნაშავე პირებს. ეს ხალხი, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს ქრონოლოგიური სიზუსტით შემიძლია ჩამოვთვალო.
– მთავარ პროკურატურაში პროკურორების დასჯას ხელს აფარებს ქალბატონი მადონა ღიბრაძე, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი. ეს ადამიანი აცხადებს, – რა ვქნათ, ბატონო, პროკურორების მიმართ 19 ათასი საჩივარია შემოტანილი 2012 წლის ოქტომბრის მერე და 19 ათასი საჩივარი რომ განვიხილოთ, პროკურორი არ დაგვრჩება და რა გავაკეთოთო?!
რასაც ვამბობ, ყველაფერი, უშუალოდ, მტკიცებულებებით მაქვს გამყარებული და ხელისუფლებას ძალიან ადვილად შეუძლია, ჩემი მეშვეობით, ან მათივე სპეცსამსახურების მეშვეობით გამოიძიოს ეს საქმეები. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ დაამტკიცონ ყველაფერი“, -აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.
ამასთან, როგორც “კვირის ქრონიკა” წერს, ზურაბ ჯორბენაძესთან საუბრის შემდეგ, გამოცემა ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს დაუკავშირდა, კბილაშვილმა ტელეფონს არ უპასუხა.
“ამის შემდეგ მას “ეს-ემ-ეს”- შეტყობინება მივწერეთ, რომ “ალია ჰოლდინგიდან” ვუკავშირდებოდით და ზემოაღნიშნულ საკითხებზე მისი კომენტარის ჩაწერა გვინდოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი არც ჩვენს “ეს-ემ-ეს”- შეტყობინებას გამოხმაურებია. კვლავ დავურეკეთ, მაგრამ ტელეფონი არც ამის მერე აუღია.
დავუკავშირდით, ასევე, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ლევან ჯორბენაძეს, რომელიც ზურაბ ჯორბენაძის მიერ მოყოლილი ამბის საქმის კურსში ჩავაყენეთ. ჯორბენაძე დაგვპირდა, რომ ირაკლი ალასანიას დაელაპარაკებოდა და ნახევარ საათში დავკავშირებოდით, თუმცა, ამის შემდეგაც, ჩვენი მრავალგზის მცდელობა, ლევან ჯორბენაძეს დავკავშირებოდით, უშედეგოდ დასრულდა. მან ჩვენს ზარს აღარ უპასუხა“, -წერს “კვირის ქრონიკა“.

10918481_333003040239219_366216138_o

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები