„საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მოქმედი კანონი ხელისუფლებას ხმების მოპარვის საშუალებას აძლევს“
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სისტემისა და გარემოს ნაკლოვანებებზე ისაუბრა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
კაციტაძის განცხადებით, ის მანკიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ დროს დამკვიდრდა, კარგად გამოიყენა ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“. მისი თქმით, მმართველმა კოალიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე 30%-მდე სწორედ მაჟორიტარული სისტემის წყალობით მოიპარა.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოს და განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. საარჩევნო სისტემა საქართველოში მანდატის წონის, მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობას ვერ უზრუნველყოფს. კანონი იძლევა საშუალებას, რომ ხელისუფლებამ მანდატების დაახლოებით 25-30% მოიპაროს. თბილისში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა კოალიციამ ხმების 44% ერგო, მანდატების 76% კი მიიღო. მანდატების 30% კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში მოიპარა“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საქართველოს მუდმივად აძლევენ რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორები. მისივე თქმით, ამ მხრივ კონსენსუსია საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავროებს შორისაც. კაციტაძის თქმით, არა მხოლოდ საარჩევნო სისტემა, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თანაბრობა ერთ-ერთი სუსტი რგოლია.
„არ შეიძლება 13 -კაციან საარჩევნო კომისიაში 10-11 ჰყავდეს ხელისუფლებას და ეს კომისია ამბობდეს, რომ ის ნეიტრალურია. არ შეიძლება 2 -3 პარტიას ჰქონდეს მონოპოლიზებული სარეკლამო დრო“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, თებერვალში, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე კანონში და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირება უნდა მოხდეს.
მისივე განმარტებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მომუშავე მრავალპარტიულმა ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა, მისივე თქმით, ამ ყველაფერს დროში მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაემთხვა, რის გამოც პასუხი შეხვედრის დანიშვნის შესახებ დღემდე არ მიუღიათ. კაციტაძე არსებული პრობემის გადასაწყვეტად ხელისუფლებას დროული და აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებს.