საქართველოში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება
საქართველოში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, გაეროს წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის. ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამსახურის უფროსმა, პაატა შავიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 2002 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა შემცირებულია.
„სამწუხაროდ, შეინიშნება მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, ვცოტავდებით. 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობა, სავარაუდოდ, უფრო ცოტა იქნება”, – განაცხადა პაატა შავიშვილმა.
მისივე თქმით, ბევრი ექსპერტი და მათ შორის, გაეროს წარმომადგენლებიც, ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის.
“დავითვალეთ მოსახლეობის რაოდენობა სოფლის დონეზე, სქესობრივი და ასაკობრივი სხვაობის მიხედვით, რამდენი გვყავს 15 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკის. ბევრი ექსპერტი და, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლებიც, ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის. აღწერა გვიჩვენებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. მოსახლეობას ვითვლიდით ეროვნული წარმოშობის, რეგიონების, რაიონების მცხოვრებლების დონეზე, განათლების დონის მიხედვით – რამდენს აქვს უმაღლესი განათლება, რამდენია წერა-კითხვის მცოდნე. აქამდე საქართველო ლიდერი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მიხედვით და გვაინტერესებს, ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას… ვიკვლევთ, რამდენ მოქალაქეს აქვს პროფესიული ტექნიკური განათლება, რამდენი შშმ პირი ცხოვრობს საქართველოში”, – აღნიშნა შავიშვილმა.