დავით ბაქრაძე: დიახ, ჩვენ გვქონდა პრობლემა ჟურნალისტებთან
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღიარა, რომ წინა ხელისუფლებას ჟურნალისტებთან და ტელევიზიებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ გადაცემის მსვლელობის დროს რეკლამის შესახებ კანონზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის და მისი გუნდი ყველანაირად ეცდება, რომ რეკლამის შესახებ კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.
„ამ კანონის მიღების წინააღმდეგი ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ კანონის მიღება ვერ მოხდეს. დიახ, ჩვენ გვქონდა პრობლემა ჟურნალისტებთან და ტელევიზიებთან ურთიერთობის, ეს იყო მტკივნეული გვერდი საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი პარტიის განვითარებისთვის, ისევე როგორც მოსმენების საკითხში, ისევე როგორც მოწმის დაკითხვის საკითხში, ისევე როგორც სხვა საკითხებში. ჩვენ ვხვდებით, რომ დღეს აუცილებელია ამას წერტილი დაესვას და თავისუფალი მედიის ფინანსური შევიწროება არანაირი მოტივაციით არ მოხდეს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.