მოსახლეობის რაოდენობის შესახებ აღწერის მონაცემები 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება

„2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებული მოსახლეობის აღწერის პირველადი შედეგები 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება“,- აღნიშნული განცხადება „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დაუშვილის განცხადებით, ეს არის უნიკალური პროცესი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარება დავადგინოთ.
„მაღალმთიან რეგიონებში აღწერის პროცესი უამინდობის გამო 15- დან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. მთლიანობაში აღწერას დადებითად ვაფასებ. არის გარკვეული გამოტოვებული მისამართები და დეკემბრის თვეს ვიყენებთ, რომ ეს მისამართებიც აღვწეროთ. ეს არის უნიკალური პროცესი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარება დავადგინოთ. პირველადი შედეგები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ 2015 წლის აპრილის თვეში იქნება. აქ არის მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენნი ვართ ქვეყანაში. აქ იგულისხმებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე არამოქალაქეები, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ყველა მონაცემის დასამუშავებლად 18 თვე დაგვჭირდება. ხოლო ყველა ინდიკატორის მიხედვით მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება“, – განაცხადა მერი დაუშვილმა.
რაც შეეხება აღწერის ვადებს, მერი დაუშვილის განცხადებით, აღწერის წინა პერიოდი ჩატარებული იყო, რისი დახმარებითაც აღწერისთვის 15 თვე სრულიად საკმარისი იყო.
მისი თქმით, მოსახლეობის რაოდენობის გარდა, დადგინდება, თუ რამდენი ქალი და მამაკაცია ქვეყანაში, როგორია ასაკობრივი ჭრილი, საცხოვრისის პირობები, განათლების დონე, ასევე გვეცოდინება ტერიტორიის ჭრილში რამდენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რიცხვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები