დაზარალებული ბიზნესმენის ოჯახმა სააკაშვილის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

„ბიზნესმენ მერაბ ბოლქვაძის ოჯახმა სააკაშვილის ხელისუფლების დროს მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა“, – აღნიშნული განცხადება ბოლქვაძეების ოჯახის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ბოლქვაძეების ოჯახისთვის ჩამორთმეული ბინა, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საბუტაშვილი ცხოვრობს და ბოლქვაძეების ოჯახის ავტომობილი, რომლითაც ბათუმის კუდის უფროსის ოჯახი სარგებლობდა, დაზარალებული ბიზნესმენის ოჯახს დაუბრუნდება და სახელმწიფო მას მორალურ ზიანს აუნაზღაურებს.
„პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების გარკვეული პაკეტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პროკურატურას და სასამართლოს, რომ გამარტივდეს ჩამორთმეული ქონების შესახებ საქმეების გადახედვა. მივმართეთ პროკურატურას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოლქვაძე უკანონოდ გაასამართლეს. სახლი და მანქანა აჩუქებინეს. ჩვენ ვიბრძვით, რომ მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვითხოვთ, დაუბრუნდეს მას სახლი, ავტომანქანა და ვითხოვთ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას და მის ოჯახს მიადგა. სასამართლოში სამოქალაქო წესით დავას აზრი არა აქვს მანამ, სანამ კუბლაშვილი პოსტს არ დატოვებს. ჩვენ ამ ყველაფერზე სასამართლოთი ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს კოტე კუბლაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ცხოვრობს სხვისთვის წართმეულ და მისთვის ერთ ლარად გადაცემულ ბინაში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ტიპის გარიგება არის ამორალური. მე ვიცნობ ამ მოსამართლეს – საბუტაშვილს. ერთი საშუალო დონის სააკაშვილის ფავორიტი მოსამართლე იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს 13 მოსამართლე ჰყავს. აქედან 12 მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეულ ბინაში ცხოვრობს. მხოლოდ ერთმა მოსამართლემ თუ არ ვცდები ჯონი ხეცურიანმა ამორალური გზით ჩამორთულ ბინაში ცხოვრებაზე თქვა უარი “, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ადვოკატთან ერთად, მერაბ ბოლქვაძის დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის დეტალებზე მერაბ ბოლქვაძის მეუღლემ, დალი ბოლქვაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმე 2010 წელს „შეკერა“ და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა.
ბოლქვაძის მტკიცებით, დაიწერა სცენარი, რის საფუძველზეც, მერაბ ბოლქვაძის მიერ „კანონდარღვევის ჩადენის“ ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო, რასაც მისი დაკავება უნდა მოჰყოლოდა.
„გეგმა ასეთი იყო: 7 მარტს საღამოს მოლარე ურეკავს ჩემს მეუღლეს და ეუბნება, რომ ბანკში დღიური ნავაჭრის შეტანა და ფინანსური ოპერაციის განხორციელება ვერ მოასწრო, ვინაიდან მეორე დღე – 8 მარტი უქმე დღე უწევდა. მან ჩემს მეუღლეს მანქანით წისქვილკომბინატში მისვლა და იმ დღის ნავაჭრი თანხის – 70 ათასი ლარის მასთან შენახვა სთხოვა. ჩემი მეუღლე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასთანხმდა, გაიარა მანქანით სამსახურში, კონვერტში ჩადებული თანხა გამოართვა და მანქანაში არსებულ სეიფში შეინახა. ამის შემდეგ, რესტორანში, სადაც ჩემი მეუღლე მის ბიზნესპარტნიორთან ერთად ქეიფობდა, კუდის თანამშრომლები მიდიან და ბრალად სწორედ აღნიშნული ბიზნესმენისგან თანხის გამოძალვას უყენებენ. შემდეგ ისინი მიჰყავთ დაკითხვაზე, სადაც თურქი ბიზნესმენი უარყოფს, რომ მას ჩემმა მეუღლემ თანხა გამოსძალა და მის წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევს. კონვერტი, რომელშიც თანხა იდო, ჩემს ქმარს არც გაუხსნია, მან ჩვენებაში დეტალურად მოყვა, რა გარემოებაში აღმოჩნდა აღნიშნული თანხა მასთან. მან თქვა, რომ თანხის მიტანას უკან მალევე აპირებდა და ამის შესახებ კომპანიის სხვა მეწილეებისთვისაც ცნობილი იყო“, – აცხადებს დალი ბოლქვაძე.
მიუხედავად აღნიშნული ჩვენებებისა, სამართალდამცველებმა მერაბ ბოლქვაძე მაინც დააკავეს. მოგვიანებით კი მის თურქ პარტნიორს, რომელსაც სასურველი ჩვენების მიცემა ვერ აიძულეს, ბოლქვაძის მსგავსად, საქმე „შეუკერეს“ და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.10882254_899099136801598_5764303134234743561_n
ბოლქვაძის თქმით, მისი მეუღლის სასამართლო პროცესები დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა. დალი ბოლქვაძე აცხადებს, რომ ვინაიდან მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, ბინა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადააფორმა, ხოლო ავტომობილი კუდის ერთ-ერთ თანამშრომელზე, გია ქოქოლაძეზე. საბოლოოდ მერაბ ბოლქვაძე სასამართლომ 70 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, პირობით გაათავისუფლა.სწორედ ბოლქვაძეების სამოთახიანი ევრორემონტით გაკეთებული ბინა იყო ერთ-ერთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ცაბუტაშვილს გადაეცა.
თამაზ ცაბუტაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის დროზე სწორედ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის კვოტით გახდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი 2011 წლის ზაფხულში ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის თამაზ ცაბუტაშვილის ფიცის დადების ცერემონიას პირადად დაესწრო. ცაბუტაშვილმა მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯონი ხეცურიანი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურა. თამაზ ცაბუტაშვილი განათლებით იურისტია. ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.
“ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანის ისტორიულმა ფაქტმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახლებურად დაგვანახა საქართველოს სწორი დეცენტრალიზაციის პროცესი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, რომელიც პარლამენტის ქუთაისში გადატანას ეხება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა კუთხე ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყნის მართვაში”, – აცხადებდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი.
ბოლქვაძის ინფორმაციით, ცაბუტაშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, ბათუმის ბინაში კი ოჯახთან ერთად ზაფხულობით დასასვენებლად ჩადის. „როცა შევიტყვე, რომ ბინა გადასცეს ამ მოსამართლეს, მის მეუღლეს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ისინი ცხოვრობდნენ უკანონოდ წართმეულ ბინაში. მისგან კი მივიღე პასუხი, რომ რასაც სასამართლო გადაწყვეტდა, იმის მიხედვით იმოქმედებდნენ. ეს ბინა ჩემთვის მხოლოდ თავშესაფარი არ არის, იმ ბინას უკავშირდება ბევრი კარგი ისტორია, იქ გავზარდეთ ორი შვილი“, – განუცხადა „კვირას“ დალი ბოლქვაძემ.
ახალი ხელუსფლების პირობებში ბოლქვაძეებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართეს. საგამოძიებო უწყებამ აჭარის კუდის ყოფილი თანამშრომელი, გია ქოქოლაძე, რომლის სახელზეც ბოლქვაძეების კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება მოხდა, უკვე დაკითხა. დალი ბოლქვაძის ინფორმაციით, ქოქოლაძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა პროცესები უძღვოდა მისთვის აღნიშნული მანქანის გადაცემის ფაქტს. ბოლქვაძეების ოჯახი აჭარის კუდის ყოფილი უფროსის თემურ პატარიძის დაკითხვასაც ითხოვს. დალი ბოლქვაძე დარწმუნებულია, რომ პატარიძე ყველაფრის საქმის კურსში იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ, 2008-2012 წლებში, ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ე.წ. “საარჩევნო კარუსელის” გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.

იხილეთ სტატია: http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები