თეა წულუკიანი სააკაშვილის ინტერპოლით ძებნაზე ბადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურის მიმართვა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, სააკაშვილთან დაკავშირებით წითელი ცირკულარით ძებნის დაწყებაზე, წარმატებული იქნება.
მისივე თქმით, ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება.
„წითელი ცირკულარით პირის ძებნას ახორციელებს ინტერპოლი. აქედან გამომდინარე, ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გამოითქვას სხვადასხვა შეფასება, მაგრამ ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი ვერ გახდება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისთვის, მთავარი პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს.