გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში, დეპუტატებს შორის დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ დეპუტატები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში თავადაც განიცდიან ამას, როცა ტელეეკრანზე საკუთარ თავს მსგავს ვითარებაში ხედავენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი განიცდიან, როცა ტელეეკრანებზე თავიანთ თავს ხედავენ არა როგორც კანონმდებლები, არამედ არასასიამოვნო ვითარებაში. მე ვვარაუდობ, რომ ამას ემოციური პასუხი მოჰყვება ჩვენი დეპუტატებისგან, რომლებიც იტყვიან, რომ ეს მათთვისაც არ არის სასიამოვნო. პოლიტიკასთან მიმართებაშიც მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია პოლიტიკოსები ხშირად ცდებიან დღის წესრიგს, სხვა თემებზე საუბობენ, როცა გადასწყვეტია სხვა თემა, მაგრამ ზოგადად, ქვეყნის განვითარების დინამიკა პოზიტიურისკენ მიდის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.