პრემიერმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოითხოვა
სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების თვალსაზრისით შესრულდება და გათვალისწინებული ხარჯებიც 98%-მდე იქნება დაფინანსებული, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა და სამინისტროების მიერ დაფინანსების ათვისების საკითხით დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბერში სახელმწიფო ხარჯავს ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე დაიხარჯა 2011 წლის დეკემბერში.
„2011 წლის დეკემბერში დაიხარჯა მთლიანი ბიუჯეტის 17%, ხოლო წელს დეკემბერში ჩვენ ვხარჯავთ 1 მილიარდ 228 მილიონ ლარს, რაც 13,7%-ია. საგადასახადო შემოსავლების ნაერთი ბიუჯეტის გეგმა შეადგენს 7 მილიარდ 230 მილიონ ლარს. ამ დროისთვის მობილიზებულია 7 მილიარდ 140 მლნ, რაც 98,8 პროცენტია, დარჩენილია 89 მლნ ლარი და ეს თანხა უახლოეს დღეებში შემოვა. რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტს, გეგმა იყო 6 მილიარდ 820 მილიონი. დღეის მდგომარეობით გვაქვს 6 მლრდ 754 მლნ და დარჩენილია 65 მლნ ლარი. არც ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა, ბიუჯეტი შესრულდება. შემოსულობების თვალსაზრისით ბიუჯეტი შესრულდება და გათვალისწინებული ხარჯებიც 98%-მდე იქნება დაფინანსებული“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მთავრობის მეთაური ლუდის აქციზური მარკების საკითხითაც დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრმა პრემიერს განუმარტა, რომ ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა და მიღწეულია შეთანხმება, რომ აქციზის ამოქმედების გეგმა 1-ლი იანვრის ნაცვლად 1-ელ მარტამდე გადაიწევა, აქციზის გადახდის წესი არ შეიცვლება და აქციზის გადასახადი 100%-ის ნაცვლად 50%-ით გაიზრდება.