„პუტინი ადამიანია, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს სახელმწიფოს მტერი?!“
ჟურნალისტის მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმულ კითხვას -“არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი“, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეშვილი აბსურდულს უწოდებს.
ზაქარეიშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინი ადამიანია, სახელმწიფოს მტერი კი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო.
“პუტინი მტერი? რას ნიშნავს? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს სახელმწიფოს მტერი? ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი, გინდა პუტინი იყოს და ვინც გინდა ის იყოს. მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა აგრესია, ის იყო მტრული განზრახვით. მოახდინა ამ ტერიტორიის ოკუპაცია, “არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ” და საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია “ტაბულას” პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.