„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს“

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტის მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმულ კითხვას – „არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი“ – არასწორი ფორმით დასმულს უწოდებს.
„რა უნდა ეპასუხა ქვეყნის პრემიერ მინისტრს? ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ნებისმიერი სახელმწიფოს ოდნავ ნორმალური ლიდერი რას გააკეთებდა მის ადგილზე?! რას გააკეთებდა გნებავთ პოროშენკო, გნებავთ ობამა, გნებავთ მერკელი, რას იტყოდა? ასეთი ფორმით შეკითხვის დასმა არასწორად მიაჩნია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით, პუტინი არ არის საქართველოს მტერი. ბურჯანაძე ფიქრობს,რომ პუტინი აკეთებს იმას, რაც შედის მისი სახელმწიფოს ინტერესებში.
“ეს შემიძლია გითხრათ მე, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არაერთი საუბარი მქონია – ის არ არის საქართველოს მტერი. ჩვენ ნუ ვუმტრობთ ჩვენს თავს და ისე ნუ მოვიქცევით, რომ ჩვენი საქმე გავაფუჭოთ. ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენ ყველაზე მეტად ვნებთ ხოლმე საკუთარ თავს, გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვას შეუძლია საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ავნოს. ის აკეთებს იმას, რაც შედის მისი სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენ რომ ვაკეთებდეთ იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და არ ვიყოთ საკუთარი თავის მტრები, ასეთ შემთხვევაში ეს ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არ გადაიდგმებოდა. ეს შემიძლია დაზუსტებით და დაბეჯითებით გითხრათ, ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია “ტაბულას” პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები