ოზურგეთის მერიის თანამშრომლები „ლეიბორისტული პარტიის“ წევრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის ნათია შარაშანიძის მიერ ოზურგეთის მერიაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ.
როგორც მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „გურიის მოამბის“ ვებგვერდზე გასულ გადაცემაში “მთავარი თემა“ საუბრისას, ნათია შარაშანიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი კონკურსანტისთვის წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ტესტები. რაც მერიის თანამშროლების თქმით, სიცრუეა. ისინი მოითხოვენ, შარაშენიძემ დაასახელოს, „წერა-კითხვის უცოდინარი“ ის ადამიანები, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე, ტესტირებისას მინიმალური ზღვარის გადალახვის გარეშე მოხვდნენ.
„გურიის მოამბის“ ვებ გვერდზე 25 დეკემბერს გასულ გადაცემაში “მთავარი თემა“, მოწვეულმა სტუმარმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა “ლეიბორისტული პარტიიდან“ ნათია შარაშანიძემ მერიაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით ბრალდებები გააჟღერა. ქალბატონი ნათია აპლიკანტებს, ტესტირება და გასაუბრება გავლილი კონკურსანტების ნაწილს “წერა-კითხვის უცოდინარს“ უწოდებს. მისივე განცხადებით ვიგებთ, რომ ზოგიერთი კონკურსანტისთვის წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ტესტები?!
ქალბატონ ნათიას ვთხოვთ, დაასახელოს, მისი თქმით, “წერა-კითხვის უცოდინარი“ ის ადამიანები, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე, ტესტირებისას მინიმალური ზღვარის გადალახვის გარეშე მოხვდნენ. ქალბატონი შარაშანიძის მიერ კონკურსანტების მისამართით გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პატივს და ღირსებას, პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, რომლის ზედამხედველობითაც ეს კონკურსი ჩატარდა. შესაბამისად, თუ გადაცემის სტუმარი არ დაასახელებს კონკრეტულ აპლიკანტებს, რომლებმაც, თითქოსდა, წინასწარ იცოდნენ ტესტების პასუხები ან მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს და კონკურსის მეორე ეტაპზე მაინც მოხვდნენ, ფაქტებით ვერ დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული კონკრეტული ბრალდებები, მოუწევს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ამ განცხადების ხელმომწერებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები