დავით უსუფაშვილი: ინციდენტი გაირკვევა, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება აუცილებელია
დღევანდელი ინციდენტი სრულფასოვნად გაირკვევა. ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, აუცილებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს მიმართა და შეახსენა, რომ ამომრჩეველმა მათ ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.
“რაც პარლამენტში მოხდა და მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. ამისთვის არ ვართ აქ. ამიტომ დღევანდელი ინციდენტი სრულფასოვანად გაირკვევა – ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, არ ვიცი, რა მოტივით და რა მიზნით, მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური რეაქციებით წავიდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.