„ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაგეგმილ ამავე ტიპის დოკუმენტის გაფორმებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება პრინციპული ისეთ საკითხებში, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები.
“რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული სიტუაცია. მიუხედავად ჩვენ მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. მე ვგულისხმობ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაანონსებულ შეთანხმებას.
ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებულად ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ეს არის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაც ცუდად აისახება რეგიონში და ჩვენს ურთიერთობებში.