ირაკლი ღარიბაშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტროში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას

სასჯელაღსრულების სამინისტროში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება სასჯელაღსრულების სფეროში დაგვხვდა.
“ყველაზე მძიმე ვითარება ჩვენ ამ სფეროში დაგვხვდა და ამიტომაც ცვლილებები, რომლებიც უკვე განვახორციელეთ, სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში იგრძნობა ყველაზე მეტად. ჩვენ გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს მნიშვნელოვან რეფორმას და პროცესში არასამთავრობო სექტორს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
“ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. მსგავსი მასშტაბის რეფორმის გატარებას მთავრობის დიდი ძალისხმევა სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, ეს არ იქნება საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად, რადგან მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორს შეუძლია აქ ძალიან დადებითი როლი ითამაშოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ამ რეფორმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის მიმართულებას, პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობს სპეციალური პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების უფასო მკურნალობისათვის.
“დღეისათვის 6400 პატიმარს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელთაგან 173 უკვე განიკურნა. მნიშვნელოვანი მკურნალობა უტარდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებსაც და მათი რიცხვიც საგრძნობლად შემცირდა. ამასთან ერთად, მთელ რიგ დაწესებულებებში ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა, რაც ძალიან აქტუალურია”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები