პრემიერი: ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით ძირეული რეფორმები დავგეგმეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირება ძალზე საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის.
საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნება და ჩამოყალიბდება სამოქალაქო სამსახურად, მას გამოეყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით. როგორც პრემიერმა “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.
მისი თქმით, ამიტომ რეფორმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.
“ამას თან ერთვოდა რთული პოლიტიკური ვითარებაც. ამჟამად მდგომარეობა დასტაბილურდა და უკვე იგეგმება მთელი რიგი რეფორმების ახალი ეტაპის დაწყება. ვაპირებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირებას. ამ რეფორმების გატარებით ჩვენ მივიღებთ სისტემურ ცვლილებებს, რაც ძალზედ საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის. გახსოვთ, რომ ჩვენი გუნდი სწორედ სისტემურ ცვლილებებს შეჰპირდა ხალხს და ეს რეფორმა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნება და ჩამოყალიბდება სამოქალაქო სამსახურად, მას გამოეყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, რეფორმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას“, – აღნიშნა პრემიერმა. მისვე თქმით, რეფორმაზე იმუშავებს ჯგუფი, რომელშიც ჩართულები იქნებიან პარლამენტი, მთავრობა და არასამთავრობო სექტორი.