„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მტერთან ზეიმზე დასწრების საჭიროებას ვერ ვხედავ“
რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავ ზეიმზე მიიწვია. აღნიშნულ საკითხს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეს, ზეიმზე დასწრებას არ უნდა დათანხმდეს.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მტერთან ზეიმზე დასწრების საჭიროებას ვერ ვხედავ, თუ იქ მოლაპარაკებისთვის ფონი არ შეიქმნება. მაგრამ რა თემებზე შეიძლება მოელაპარაკო რუსეთს ამ სიტუაციაში, რთულად წარმოსადგენია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უახლოესი თვეების განმავლობაში რუსეთის ქცევაზეც, თუ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში მის ხელთ არსებული რომელიმე ბერკეტი გამოიყენა, მასთან საზეიმოდ წასვლა აბსოლუტურად ალოგიკური იქნება. მე მოლაპარაკებების მომხრე ვარ, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში შედეგის დადების თვალსაზრისით, მაგრამ სხვა საკითხია მტრის ზეიმის გაზიარება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ზეიმზე დასწრებას არ უნდა დათანხმდეს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.