კოდორიდან დევნილები პროკურატურისგან ხეობის სპეცოპერაციის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

კოდორის ხეობიდან დევნილებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოდორის ხეობიდან დევნილმა მალხაზ კორძაიამ ისაუბრა.
კორძაიას თქმით, განცხადებას 500 ადამიანი აწერს ხელს, თუმცა ხელმოწერების შეგროვება ამ დრომდე გრძელდება. კოდორელები ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზირებენ.
მალხაზ კორძაიას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გამოიძიოს ჩატარებული სპეცოპერაცია, დაადგინოს მისი მოტივები, ორგანიზატორები და შემსრულებლები.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მიმართვის საფუძველზე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, რომ დადგინდეს, ვინ იყო ჩატარებული სპეცოპერაციის ორგანიზატორი, ვინ განახორციელა, რა ტიპის და მასშტაბის იყო, რატომ იყო ეს სპეცოპერაცია იმის მსგავსი, რაც სვანეთში ჩატარდა? ემზარ კვიციანი სრულიად უდანაშაულოა, არ შეიძლება გმირები დამნაშავეებად იწოდებოდნენ. ემზარ კვიციანის დასჯა გმირი კოდორის ხეობის დასჯას ნიშნავს“, – განაცხადა მალხაზ კორძაიამ.
კოდორის მოსახლეობა, 2006 წლის სპეცოპერაციის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს. როგორც ემზარ კვიციანის ოჯახის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოდორის მოსახლეობას აინტერესებს, მაშინ, როცა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩაბარდა ხეობა რუსეთს, ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა თუ სახელმწიფოს ღალატი იყო.
„კოდორის ხეობას და სრულიად საზოგადოებას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ლეგიტიმური კითხვები გვაქვს. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ, ხომ არ არის დარღვეული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 308-ე, 309-ე და 312-ე მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს. კოდორში მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს. მათ ლეგიტიმური უფლება აქვთ, იცოდნენ, როგორ დაკარგეს ყველაფერი ისე, რომ ტყვიაც კი არ გავარდნილა“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
კობაიძის განცხადებით, თუ პროკურატურა ინერტული იქნება და სათანადოდ არ მოეკიდება ამ საკითხებს, მაშინ ისინი აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირებს, კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სამხედრო ამბოხების ორგანიზების ბრალდება საქართველოს წინა ხელისუფლების მმართველობისას წარედგინა, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული და 2006 წლიდან იძებნებოდა. საქართველოში წელს თებერვალში დაბრუნებული ემზარ კვიციანი თბილისის აეროპორტშივე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები