„დაკავების დღესვე სიგარეტით დამწვეს და ჩემზე ელექტროშოკი გამოიყენეს“

„ დამაკავეს თუ არა, იმ დღესვე სიგარეტით დამწვეს და ჩემზე ელექტროშოკი გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა ვყოფილიყავი მაშინ, როდესაც 28 დღეში 32 კილო დავიკელი“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკეთა.
„ წამების ნაწილი ორ კომპონენტად იყოფა, ეს არის წამება და არადამიანური მოპყრობა და ადამიანის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა. ჩემ მიმართ ყველა ტიპის წამება განხორციელდა, რაც კი არსებობს და ეს დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. არა მარტო ჩემი, არამედ სისხლიანი „პალაჩების“ მიერ ყველა სხვა პატიმრის მიმართ ჩადენილი დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული“,- განაცხადა მოლაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლები. ეს მუხლები, შესაბამისად, შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები