”თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის კვოტებს ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიიღებენ
საპარლამენტო ფრაქციის ”თავისუფალი დემოკრატების” დამოუკიდებელ ოპოზოციურ პარტიად ჩამოყალიბებას რიგი ცვლილებები მოჰყვა. შეიცვლება დელეგაციებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. კერძოდ კი ”თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის კვოტებს “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიღებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ დღეიდან ”ნაციონალური მოძრაობისთვის” განსაზღვრულ ორი კვოტადან ერთს “თავისუფალი დემოკრატები” დაიკავებენ. სხდომას ესწრებოდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც. შეტანილმა ცვლილებებმა მათი პროტესტი გამოიწვია.
ისინი საკითხის განხილვის გადადებას მოითხოვდნენ, მაგრამ კომიტეტის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და დელეგაციების შემადგენლობის უკვე წარმოდგენილ ვარიანტს უყარეს კენჭი.
ცვლილების შედეგად, საპარლამენტო კომიტეტის შემადგენლობა შემდეგნაირად გადათამაშდა. “თავისუფალი დემოკრატების” გასვლით ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა 17 პარლამენტის წევრით გაიზარდა, ხოლო 17-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა კი – 19 წევრით.