მინდია ჯანელიძე: სამხედრო ნაწილებში მომავალ წელს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მუხროვანისა და ორხევის სამხედრო ბაზებს ესტუმრა. მინისტრთან ერთად ქვედანაყოფებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო ნაწილების მეთაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებსაც გაესაუბრნენ.
მინდია ჯანელიძემ სამხედრო ბაზებზე არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო და ყურადღება ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაამახვილა.
„შემოვლის მიზანი იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლაა, რაც ჩვენს სამხედრო ნაწილებში არსებობს. მომავალ წელს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ, როგორც კვების ინფრასტრუქტურის, ასევე, საყაზარმე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, არის მიმდინარე რეჟიმის საკითხები, რომელიც გადაწყდება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების შემოვლის დასრულების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები სამხედრო ნაწილების შემოვლას მომავალი წლიდან გააგრძელებენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვედანაყოფებში არსებული პრობლემები და ხარვეზები ეტაპობრივად გამოსწორდება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TC-vsDPFJjQ” width=”560″ height=”315″]