თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე მინდია ჯანელიძე განმარტებებს გააკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გოჩა რატიანის ცნობით, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას თავად მინისტრი გააკეთებს, თუმცა, რატიანს არ დაუკონკრეტებია, ეს როდის მოხდება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ რატიანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების პროცესს დღეს კომიტეტის წევრებს შორის დებატები მოყვა. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომის დღის წესრიგში თავდაცვის სამინისტროს ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებაზე მინისტრის პირველი მოადგილის, გოჩა რატიანისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება მოითხოვა.
მისი განცხადებით, საკითხის ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე, მას და მის პოლიტიკურ გუნდს აინტერესებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამინისტროს შიგნით და რა რეაგირება მოჰყვა სამინისტროს იმ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არსებობს და თემა შესწავლას საჭიროებს, თუმცა მან საკითხის ინიციატორს მისი მოგვიანებით განხილვა შესთავაზა.
„ვთვლი, რომ დღეს ამ საკითხის განხილვისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ჯერ ქართველი გმირი მიწას არ მიგვიბარებია და შესაბამისი პატივი არ მიგვიგია. გთავაზობთ, აღნიშნულ თემაზე მოგვიანებით, თუნდაც კვირის ბოლოსთვის შევიკრიბოთ და შემდეგ მოვისმინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები კომიტეტის სხვა წევრებმაც გამოთქვეს. ბოლოს, კომიტეტმა კენჭი უყარა ირაკლი ჩიქოვანის მეორე წინადადებას, რომელიც აღნიშნული საკითხის დახურულ რეჟიმში განხილვას შეეხებოდა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების“ 2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება წარადგინა. მისი ინფორმაციით, საქართველომ აიღო ვალდებულება, მომავალ მისიაში მონაწილეობა ორი დანაყოფით, 1 ბატალიონით და 1 ასეულით მიიღოს. მისიაში მონაწილეობის ფუნქცია-მოვალეობები მკაცრად გაწერილია და ქართველი დანაყოფების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველო საკუთარ თავზე აიღებს.
აღსანიშნავია, რომ მისია არასაბრძოლო, სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ხელშეკრულების პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით მომზადებული „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ტექნიკური ხასიათისაა და იგი უკვე განხილული „საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა. აღნიშნული საკითხები განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები