ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზეც ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზეც ისაუბრეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ცხელ გულზე ყველამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური შეფასებების გაკეთებისგან, რადგან, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ისმოდა განცხადებები, რომელიც სპეკულაციური შინაარსისა იყო და შავ პიარს ემსახურებოდა.
“თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორდა”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა, თუ არა ამ განცხადების გამო დადგეს თავდაცვის მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი, სესიაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა.