უცხოელი მათხოვრები საქართველოში – ვინ აკონტროლებს შავ ბიზნესს?

„უცხოელი მათხოვრები საქართველოში – ვინ აკონტროლებს შავ ბიზნესს“?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მაწანწალა ბავშვები ორგანიზებული ძალადობის მსხვერპლნი არიან.
„კარგა ხანია პეკინის ქუჩაზე, მაღაზიების წინ, სანახევროდ შიშველი, ემბრიონის ფორმაში მწოლიარე ბიჭი მოწყალებას ითხოვს. ხალხი თბილ ამინდში ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. აცივების შემდეგ კი ზარავთ გაყინულ ფილებზე უმწეოდ დაგდებული შიშველი მოზარდის ყურება. ამიტომაც ზოგი მაღაზიაში თავისთვის შეძენილ სამოსს უთმობს, ზოგიც ფულს ჩუქნის და მერე თავისი გზით მიდის დაიმედებული, რომ ვიღაც გაყინვას გადაარჩინეს. ცოტა ხნის შემდეგ უკვე ჩაცმული სადღაც ქრება, მაგრამ მალე ისევ შიშველი ბრუნდება და წვება…
ბოლო ხანს “შიშველს პეკინის ქუჩიდან” მიმბაძველები გამოუჩნდნენ. რამდენიმე ბიჭუნა ბრენდი მაღაზიების წინ გადანაწილდა. თუ ძალიან ჩააცივდი, ან მათ დასახმარებლად პოლიციის გამოძახება დააპირე, გარბიან. ასეთი საქციელი გაიძულებს იფიქრო, რომ მოწყალების მიღების ეს ფორმა ვიღაცის დადგმულია და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური რეკეტის სუნი ასდის. ბევრი თქმულა იმის შესახებ, რომ საქართველოში ტრადიციად ქცეულ არალეგალურ ბიზნესს უხილავი ბოშები ჰყავს. ისინი ამ საქმეში დიდი ხანია ბავშვებს იყენებენ, რადგან მაწანწალა მცირეწლოვნების მიმართ ყოველთვის უფრო გულუხვია მოწყალე საზოგადოება. სამწუხაროდ, ისიც ფაქტია, რომ ხშირად ბავშვების ტრეფიკინგს ვიღაც უცხო ადამიანები კი არა, საკუთარი მშობლები ეწევიან“, – წერს სტატიის ავტორი.
სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქუჩაში მოწყალების მიღების მთხოვნელთა ადგილობრივ არმიას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაემატნენ.
როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, მეზობელ სახელმწიფოში იკრძალება ქუჩაში მოწყალების თხოვნა. ამიტომ გამოსავალი ნახეს და ოჯახებით ჩამოდიან საქართველოში. იმატა მათხოვართა რაოდენობამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. სხვადასხვა ტერიტორიაზე მათი რაოდენობა მოწყალების გამღებთა გულუხვობის პირდაპირპროპორციულად იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ წერეთელი გამოცემასთან ინტერვიუში პრობლემის მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე დეტალურად საუბრობს.
– თუ მოქალაქეებს ბავშვების დახმარება სურთ, დარეკონ „ცხელ ხაზზე“: 1505, ან უხმონ პატრულს, რომელთა დახმარებით, მოზარდებს კრიზისულ ცენტრებში გადაიყვანენ და ინდივიდუალურად იმუშავებენ მათი პრობლემების შესწავლაზე… ჩვენ ვიცნობთ ამ ბავშვებს. ყველა მათგანს ოჯახი ჰყავს. ამასთან, უმრავლესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა. ჩვენ, განურჩევლად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, ყველა მათგანზე ერთნაირად ვზრუნავთ. თუმცა, მუშაობას აძნელებს ის ფაქტიც, რომ ბავშვები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ ჰყავთ მშობლები. ხომ ვერ წაართმევ შვილებს? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთანაც კი, ამ ზომას უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ და ისიც სასამართლოს გზით.
– არ შეიძლება ეს პრობლემა ისე დარეგულირდეს, რომ მშობლებს არ მიეცეთ საზღვარზე მოზარდების ამ მიზნით გადმოყვანის უფლება?
– შს სამინისტროში შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი და მათთან ამ კუთხით ვაპირებთ მუშაობას. გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი, დიდი ხანია ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გამოსავლის მოძებნას, თუმცა, ეს არის ურთულესი პრობლემა, რომლის ეფექტურად, ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ვერავინ შეძლო მსოფლიოში.
ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელი: – როდესაც ისეთ ფაქტებს ვაწყდებით, როგორიც თუნდაც პეკინის ქუჩაზე ხდება, სასწრაფოდ უნდა შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა, რა გარემომ აიძულა ქუჩაში გამოსვლა, სიღარიბემ, ძალდობამ, თუ სხვა ფაქტორებმა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ქუჩაში დასაქმებული ბავშვები ორგანიზებული ძალადობის მსხვერპლი არიან და ვიღაც იყენებს მათ შრომას ბოროტად, მაგრამ, სამწუხაროდ, მოძალადეებს ვერ მიაკვლიეს სამართალდამცავმა ორგანოებმა.
– ფაქტია, რომ მშობლებიც აიძულებენ შვილებს ქუჩაში ხელგაწვდილმა იშოვონ ფული.
– ყველა შემთხვევაში ეს ბავშვები ძალადობის მსხვერპლი არიან.
– არის თუ არა მსხვერპლი საზოგადოება, რომელიც ასეთი ბავშვების გამო იტანჯება თუნდაც იმიტომ, რომ სურს დაეხმაროს და არ აქვს ამის შესაძლებლობა.
– სამწუხაროდ, საზოგადოებაც მსხვერპლია, მაგრამ რა ვქნათ? ამ ეტაპზე სახელმწიფო სისტემა უძლურია. თუმცა, ბევრი ცვლილება მოხდა და მომავალშიც იგეგმება. ამ ეტაპზე კი ბავშვი არ უნდა გახდეს აგრესიის მსხვერპლი, როგორ ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უნდა ვგრძნობდეთ მისგან. თორემ სოციალური დაცვის სისტემის უუნარობისა და საზოგადოების აგრესიის შედეგი იყო, გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაზილიაში დატრიალებული ტრაგედია – ასეთ ბავშვებს ქუჩაში ხოცავდა პოლიცია. იმდენად ძალადობრივი იყო ბავშვების ქმედება, რომ თავდაცვის სხვა მექანიზმი ვერ მოიძებნა. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოა, თუ აზერბაიჯანი, ფაქტია, ვერ მოვიფიქრეთ ფორმა ამის აღსაკვეთად.
– აზერბაიჯანის მოქალაქეების შემთხვევაში რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?
– სამწუხაროდ, საკანონმდებლო ბაზაში არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რაც უარს გვათქმევინებს ასეთი პირების ქვეყანაში შემოშვებაზე. ჩვენ ამ ხალხს ვიღებთ სრულიად უპრობლემოდ, კანონიერად. შესაბამისად, ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მათზე…
მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა არის პრევენცია, ოჯახის გაძლიერება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც არ მოხდება ბავშვზე ძალადობა და ის იძულებული არ გახდება, ქუჩაში გაიქცეს, ან გააგდონ. თუ ამ საკითხის მოგვარებას შეძლებს სახელმწიფო, ქუჩაში ვერ ნახავთ სამოწყალოდ ხელგაწვდილ მოზარდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები