რა შეხება აქვს არჩილ კბილაშვილს ზურაბ ჟვანიასთან და 1995 წლის კონსტიტუციასთან?

რა შეხება აქვს არჩილ კბილაშვილს ზურაბ ჟვანიასთან და 1995 წლის კონსტიტუციასთან?, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 1995 წელს კონსტიტუციაზე ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მუშაობდა. მან კონსტიტუციის ის საბოლოო ვარიანტი დაწერა, რომელიც პარლამენტში არ განხილულა.
არჩილ კბილაშვილი გამოცემასთან საუბრისას კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდს იხსენებს. როგორც კბილაშვილი ჰყვება, ამავე პერიოდში მან ზურაბ ჟვანია გაიცნო.
„1994-95 წლებში საკონსტიტუციო საბჭო შეიქმნა, კომისიის მდივანი ავთანდილ დემეტრაშვილი გახლდათ. მაშინ კონსტიტუციების დაწერის ბუმი იყო, ყველა პარტიას კონსტიტუციის თავისი ვარიანტი ჰქონდა. ამ დროს შეიქმნა „მოქალაქეთა კავშირი“. ამ პარტიას ჰქონდა ამბიცია, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ზურაბ ჟვანია მაშინ პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ. ავთო დემეტრაშვილმა შემომთავაზა, იქნებ „მოქალაქეთა კავშირს“ დაეხმარო კონსტიტუციის დაწერაშიო. მაშინ გავიცანი ზურაბ ჟვანია, „მოქალაქეთა კავშირს“ მოვუმზადე კონსტიტუციის მისეული ვერსია. ეს იყო პირველი საქმე. ზურაბმა მაშინ შემომთავაზა, მოდი, „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი გახდი, ახალგაზრდული ფრთაც გვაქვსო, მაგრამ მაშინ 22-23 წლის ვიყავი, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და მიმაჩნდა, რომ პარტიული საქმიანობის დაწყება ჩემთვის ძალიან ადრე იყო“, – იხსენებს კბილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები