ირაკლი ალასანიას აზრით, თავდაცვის სამინისტრომ გაკეთებული განცხადების გამო პასუხი უნდა აგოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გ ავრცელებული განცხადების გამო კონკრეტული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ყოფილი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას აფასებს, როგორც უხეშს, გაუგონარსა და შეურაცხმყოფელს.
„მე გამიჭრიდება ჩემი შემცვლელის პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იყო, მართლაც, ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარი, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებით უნდა ვიგლოვოთ და პატივი მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შაბათს გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა.
განცხადების მიხედვით, სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა. 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები