ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს?

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილის შემცვლელად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელის ლადო ჭანტურიას კანდიდატურა სახელდება. ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს.
“პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს. ეს ინფორმაცია “კვირის პალიტრამ” ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა, გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია”, – წერს “კვირის პალიტრა“.
ამასთან, როგორც გამოცემა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილსაც გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა გამოცემის ცნობით, ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კანდიდატურაც.
„თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე)“,- წერს “კვირის პალიტრა“.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები