ლევან ღირსიაშვილი: განცხადების საბოლოო ვარიანტი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილი განმარტებით, უწყების მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული განცხადება, იმ სახით, რა სახითაც ის საზოგადოებამ იხილა, არც მასთან და არც თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მისი თქმით, გუშინ მინისტრი სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა და ტექნიკური მიზეზების გამო მასთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ტქესტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ღირსიაშვილის თქმით, განცხადების ტექსტი სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოზადდა.
„გუშინ მინისტრი მინდია ჯანელიძე არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. შესაბამისად, ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოახერხდა თავდაცვის მინისტრთან და ხელმძღვანელობასთან ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმება. ეს განცხადება გაკეთდა ემოციურ ფონზე და ჩვენ ვასწორებთ დაშვებულ შეცდომას. ტექსტის საბოლოო ვერსია არც ჩემთან არ ყოფილა შეთანხმებული“, – აღნიშნა ღირსიაშვილმა “იმედის კვირაში”.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა. თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება დღეს საიტიდან წაშალა.