“სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებულნი უკრაინის მთავრობაში”

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებულნი უკრაინის მთავრობაში.
როგორც პრემიერმა სამტრედიაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობის დაათვალიერების შემდეგ განაცხადა, უკრაინელი ხალხი საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს, პირველ რიგში, მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან, რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკრაინისთვის არ იქნება სასარგებლო.
“როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები